English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ კახა ქეცბაია
თანამედროვე სტანდარტის სახელმძღვანელო სოციოლოგიაში

პროფესორი ამირან ბერძენიშვილი, თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები (670 გვ.)თბ., 2017

 

მომავლის, ანუ „ცოდნის საზოგადოების“  ჩამოყალიბების თანამედროვე ეტაპზე შექმნილი სიძნელეების გადალახვისათვის, თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სათანადო კადრების მომზადებას, მათ მიერ კლასიკური და თანამედროვე ფასეულობების, დემოკრატიული ცხოვრების წესის შესწავლასა და გამოყენებას. ასეთი კადრების გარეშე სამოქალაქო საზოგადოების აშენება, ფაქტობრივად, ილუზიაა. ამდენად, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სოციოლოგიის, როგორც საზოგადოების შემსწავლელი ამ ახალგაზრდა მეცნიერების, სრულიად ახლებური ათვისება და გააზრება. ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია, თანამედროვე ევროპული სტანდარტის სახელმძღვანელოს გარეშე წარმოუდგენელია. მით უფრო მაშინ, როდესაც დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენში სოციოლოგია მთლიანად განთავისუფლდა ყალბი იდეოლოგიური დატვირთვისაგან და ყველა პირობა შეექმნა თავისი ჭეშმარიტი ფუნქციის შესასრულებლად.  სწორედ რომ დროის მოთხოვნებისა და  გამოწვევების გათვალისწინებითაა შექმნილი პროფესორ ამირან ბერძენიშვილისსახელმძღვანელო  -„თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები“.

წიგნი ძირითადად სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის და, საერთოდ,  თანამედროვე სოციოლოგიის შესწავლის მსურველთათვისაა განკუთვნილი. ავტორმა ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ელექტრონული სახელმძღვანელოების კონკურსის ფარგლებში მოამზადა როგორც გამარჯვებული პროექტი.

მასში ავტორის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებაზე - „თანამედროევ სოციოლოგიურ თეორიები“- წაკითხული ლექციებია თავმოყრილი. სალექციო თემატიკას თან ერთვის სტუდენტთათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა (შესაბამისი გვერდების მითითებით), თეორიული და პრაქტიკული ხასიათის კითხვები და დავალებები, სხვადასხვა სახის სავარჯიშო მასალა განსჯისათვის, სოციოლოგიურ ტერმინთა განმარტებები და ა. შ. სოციოლოგიის ისტორიიდან და თეორიიდან მოყვანილი არაერთი საინტერესო მასალა და სალექციო თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საკითხავი, სტუდენტებს სოციოლოგიურიწარმოსახვის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დაეხმარება.

სოციოლოგიური წარმოსახვის განვითარება,  სოციოლოგიის ძირითადი ცნებების, თეორიებისა და პრობლემების სათანადო მეცნიერული ანალიზი,  თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით; სოციოლოგიის, როგორც  შედარებით ახალი მეცნიერების მიერ განვლილი ისტორიული განვითარების გზის ჩვენება და ამასთანავე - მისი სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინება; სოციოლოგიის კლასიკური, თანამედროვე და პოსტ-თანამედროვე ტენდენციების ჩვენება და მსგავსი სახის სხვა მრავალი რთული და საინტერესო სოციოლოგიური პრობლემატიკა ავტორის მიერ სტუდენტებისათვის გასაგები და მარტივი მეცნიერული ენით არის გადმოცემული, რაც იშვიათობას წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში და, ამდენად, მისასალმებელია.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ჩვენში გავრცელებული იყო მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს სოციოლოგია ფილოსოფიური დისციპლინაა. სარეცენზიო წიგნი, ამ ვითარების საპირისპიროდ, იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სოციოლოგია ფილოსოფიური დისციპლინა კია არა, საზოგადოების შემსწავლელი დამოუკიდებელი, სუვერენეული მეცნიერებაა. ამაზე მეტყველებს სოციოლოგიის ისტორია და თეორიები. სოციოლოგიის თანამედროვე წამომადგენლების: ე. გიდენსის, მ. კასტელსის, პ. ბურდიეს, ე. ვალერშტაინის, ჯ. ალექსანდერის, პ. შტომპკას და სხვათა შემოქმედება (რომელთა სოციოლოგიური თეორიები მაღალ მეცნიერულ დონეზეა გადმოცემული წიგნში) ამის ნათელი დადასტურებაა. თანამედროვე გაგებით, სოციოლოგია ფილოსოფიასთან დაპირისპირებით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მეცნიერებად. სოციოლოგიის ფილოსოფიურ დისციპლინად გამოცხადება მიუღებელია წიგნის ავტორისათვის. აქამდე ჩვენში არსებული სოციოლოგიის სახელმძღვანელოებს ფილოსოფიური ხასიათი ჰქონდა, რაც შეიძლება ცუდი სულაც არ არის, მაგრამ სოციოლოგიური მეცნიერების სპეციფიკა ამ შემთხვევაში დაკარგული იყო. ამ მხრივ ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოებისაგან პრინციპულად განსხვავებულია სარეცენზიო წიგნი და ამდენად ის სიახლეა  თანამედროვე ქართულ სოციოლოგიაში.      

საყურადღებოა, აგრეთვე, წიგნის ძირითადი პათოსი, კერძოდ, ის ორიენტირებულია ახალგაზრდებს დაეხმაროს თანამედროვე, ღია, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი ფასეულობების შემეცნებისა და გათავისების საქმეში; წიგნი იმითაც არის საყურადღებო, რომ ის მნიშველოვან წლილს შეიტანს საზოგადოებაში სოციოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი წლების განმავლობაში თსუ-ში მუშაობდა. თსუ-ს კი, ტრადიციულად, სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. მეცნიერული კვლევა-ძიების მაღალი კულტურა, ობიექტურობა და კეთილსინდისიერება პროფ. ამირან ბერძენიშვილის სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ეს ჩანს სარეცენზიო წიგნშიც.

ავტორი არაა მხოლოდ მთხრობელი. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს მის სიმპათიებს და ანტიპათიებს ამა თუ იმ სოციოლოგიური თეორიის მიმართ, რაც ბუნებრივია.  ის ემხრობა იმ მოაზროვნეებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანზე, ჰუმანურობასა და მაღალ ზნეობაზე, რომელიც ხშირად ეწირება თანამედროვე სამომხმარებლო საზოგადოების ინტერესებს.    სახელმძღვანელოში თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ სტუდენტი მათი პასიური აღმქმელი კი არა,  აქტიური განმსჯელია, რაც მისასალმებელია.

 წიგნის მიმართ არსებითი ხასიათის შენიშვნები არ გაგავაჩნია. თუმცა უდავოდ სასურველია სახელმძღვანელო არამხოლოდ ელექტრონული ფორმატით, არამედ, ნაბეჭდი სახითაც არსებობდეს, ამიტომ მისი გამოცემა ნამდვილად საშური საქმეა.

ვფიქრობთ,  პროფ. ამირან  ბერძენიშვილის სახელმძღვანელო მალე ქართული სოციოლოგიური მემკვიდრეობის ღირსეულ ნაწილად იქცევა. მისი წაკითხვა და გააზრება უთუოდ სასიკეთოდ წაადგება თანამედროვე სტუდენტი - ახალგაზრდობის (და არამხოლოდ მათი) აზროვნებასა და ნებისყოფას. ეს წიგნი ქართული სოციოლოგიური ლიტერატურის ძალზე საინტერესო და საჭირო შენაძენია.